დღეს, 26 აპრილს, 13:00 საათზე, ევროპის სახლში (თავისუფლების მოედანი) აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი გახსნის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს სახელწოდებით „ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა." დისკუსიაში, თემაზე სამოქალაქო აქტიურობა და ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა, მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯონ ბასი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს თავჯდომარე, თამარ კინწურაშვილი (ვინც, ამავე დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა). ღონისძიების მსვლელობისას მოეწყობა გამოფენა, რომელიც საქართველოს ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
„ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტს" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) 3.75 მილიონი დოლარით აფინანსებს. მას საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს. პროექტის მიზანია ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს სხვა და სხვა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რაიონებში. პროექტი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბებას ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებისათვის; აგრეთვე სხვა და სხვა რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების ბავშვებს შორის კომუნიკაციას სოციალური მედიისა და გაცვლითი პროგრამების დახმარებით. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის ამაღლებას ეთნიკური მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით; სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭოს ქმედითუნარიანობის ამაღლებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საზოგადოების ინტეგრაციისათვის.