26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათზე ოთხი მინისტრი გამოცხადდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დასასრულს განაცხადა.
მისი თქმით, აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ოთხი მინისტრი სამთავრობო საათზე გამოცხადდება, რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხვალ, 25 აპრლის გახდება ცნობილი.
სამთავრობო საათზე ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტში ხუთი მინისტრი დაიბარა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა.
ფრაქციის წევრებმა მინისტრებს 26 შეკითხვა უკვე გაუზავნეს. სამთავრობო საათი 26 აპრილს 17:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი პლენარული სხდომა გაიმართება.