"ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება, იმიტომ კი არ კეთდება, რომ ციფრებით ელაპარაკოს მთავრობა ხალხს და რომ უთხრას - წელს 10 %-ით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა ან მომავალ წელს კიდევ უფრო მეტით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გურჯაანში "GPI ჰოლდინგის" მიერ აშენებულ ახალ მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის გახსნაზე.
"არამედ იმიტომ, რომ ვთქვათ: 10 %-ით რომ გაიზრდება, ჩემს ოჯახს რამდენი პროცენტით მეტი შემოსავალი ექნება, რამდენი ოჯახის წევრით მეტი მეყოლება დასაქმებული, რამდენად მეტი ხელფასი იქნება, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჯანდაცვა, რამდენად წავლენ ჩემი შვილები უკეთეს სკოლაში, რამდენად კარგი გზით გადავადგილდები არა მხოლოდ ცენტრალურ ტრასებზე, არამედ ჩემს სოფელში და ჩემს უბანში - აი, ეს არის წარმატების საზომი ჩემთვის და არა ზოგადი სქემები თუნდაც მთელი მსოფლიოს საქართველოს მიმართ", _ განაცხადა სააკაშვილმა.