ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის კოორდინირებულ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
ევროკომისარი ფულე გამოეხმაურა საქათველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვას, რომელიც მას მიმდინარე წლის 12 მარტს გაეგზავნა. მიმართვა ეხმიანება კამპანიის "ეს შენ გეხება" მოთხოვნებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და არჩევნებზე გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოწვევის აუცილებლობის შესახებ.
კომისარმა ფულემ საპასუხო წერილში აცნობა ეროვნულ პლატფორმას, რომ თვალყურს ადევნებს საქართველოში საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესს. მან ასევე დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტთან დაწყებული კონსულტაციები და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეუთოს გრძელვადიანი მისიის მოწვევის ინიცირება.
ევროკომისარმა ფულემ აღუთქვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ეს საკითხი დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად. ფულემ გამოთქვა სურვილი, მომავალშიც ყურადღებით გაეცნოს სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებებს. ამასთან დაკავშირებით, იგი იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს.
საქართველოს ეროვნული პლატფორმა ამჟამად 101 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისასალმებელია ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.