უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იყო, არის და იქნება განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების თანაცხოვრების მაგალითი. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ განაცხადა და დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"90-იან წლებში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ეთნიკური კონფლიქტები იყო, მაშინდელმა პარლამენტმა მოახერხა ის, რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია. ამ თემას როდესაც ვეხებით და განცხადებას ვაკეთებთ, ნებისმიერი ჩვენგანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს. საქმე ეხება ისეთ ფაქიზ თემებს, რომლებმაც შეიძლება რთული პროცესები გამოიწვიოს და ყველა დაგვაზარალოს", - აღნიშნა თარგამაძემ და დასძინა, რომ პარლამენტში ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მეგობრულად და კეთილგანწყობილად თანამშრომლობენ.
"მესმის ემოციები, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა, მაგრამ ჩემი პირადი სურვილი და თხოვნა იქნება, რომ ეს ინციდენტი ამით ამოიწუროს. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იყო, არის და იქნება განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის ადამიანების თანაცხოვრების მაგალითი", - განაცხადა თარგამაძემ.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ჩერქეზების გენოციდის აღიარების საკითხი არ უნდა განეხილა, რადგან პარლამენტში გუშინ მისულები იყვნენ სომხეთის დიასპორის წარმომადგენლებიც და ისინიც გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.
მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა პიჯაკის ჯიბიდან ვაზელინის 30 მილიგრამიანი ე.წ. ტიუბიკი ამოიღო, მიიჭრა ტრიბუნასთან და ბაღათურიას ესროლა, რასაც დარბაზში ხელჩართული ინციდენტი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.