საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე ე.წ. "კავკასია 2012"-ის პროვოკაციულ ხასიათზე ისაუბრა.
ბიუროზე, სადაც სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იყო მსჯელობა, მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არსებობს არავითარი ნიშანი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა.
"მიუხედავად არაერთი რეზოლუციისა თუ გაფრთხილებისა ეუთოს და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მხრიდან, მიმდინარეობს აქტიური მილიტარიზაცია, მზადება ე.წ. სამხედრო წვრთნებისათვის "კავკასია 2012", რასაც უდავოდ აქვს დაშინების მიზანი და ასევე რაიმე სახის პროვოკაციის საფუძველი" - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გადადგმულ გარკვეულ ნაბიჯებზე, რაც ეხებოდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, ან რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა კიდევ უფრო აგრესიული განცხადებები და არაადექვატური რეაქციები.
ასევე გასათვალისწინებელია რუსეთის აშკარად გამოხატული ინტერესი საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც საჯარო განცხადებებიც კეთდება მათი მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები არ დარჩეს ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა.
გიგი წერეთელმა ასევ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიესალმება საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის მონაწილეობას და იმედი აქვს ეუთოს განსაკუთრებული აქტიურობისა ამ კუთხით.