სულ საქართველოში 2011 წელს რეგისტრირებულია 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა , რომლის დროს გარდაიცვალა 526, ხოლო დაშავდა 6638 მოქალაქე - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ დღეს წარმოდგენილ სტატისტიკაში. 2011 წლის მონაცემები საყურადღებოა, თუმცა გასულ წლებთან შედარებით - გაცილებით დაბალი.
ავარიების რაოდენობა შემცირებულია 12 %-ით, ხოლო გარდაცვალებათა რაოდენობამ - 23 % -ით იკლო.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2006 წელთან შედარებით 95%-ითაა შემცირებული, ანუ პრაქტიკულად განახევრებულია ავარიების ხვედრითი წილი. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლით ლიდერობს იმერეთი/რაჭა/გურიის რეგიონი, სადაც საშუალოდ ყოველ 10000 რეგისტრირებულ ავტომობილზე მხოლოდ 38 ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება.
2008 წელთან შედარებით დაახლოებით 40%-ითაა შემცირებული ავარიებისა და დაშავებულ პირთა მაჩვენებელი. მეტიც, საბედნიეროდ, თითქმის განახევრებულია გარდაცვლილ პირთა ხვედრითი წილი, სადაც უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 80%-იანი კლება აღინიშნება. კლების ტენდენცია განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, რაც უსაფრთხოების ღვედების გამოყენების რეგულაციების უკეთ ადმინისტრირებას უკავშირდება.
ბოლო რამდენიმე წელში 1,52-დან 1,48-მდე დაიკლო ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაში საშუალოდ დაშავებულთა მაჩვენებელმა, ხოლო გარდაცვალების კუთხით 2005 წლიდან 2011-წლის ჩათვლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 95%-თაა დაკლებული და ხვედრითი წილი ერთ ავტოსაგზაო შემთხვევაზე 0,2-დან 0,1-მდე შემცირდა.
სულ საქართველოში 2011 წელს რეგისტრირებულია 4486 ავტოსაგზაო შემთხვევა , რომლის დროს გარდაიცვალა 526, ხოლო დაშავდა 6638 მოქალაქე.
დარეგისტრირებული 4486 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათაგან 278 გამოწვეული იყო ალკოჰოლური სიმთვრალით, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა 30, დაშავდა - 439, ხოლო სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების 1311 შემთხვევიდან გარდაიცვალა 156, დაშავდა - 1870.
გარდაცვლილთა უმრავლესობა 41-60 წ. ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენს, ხოლო დაშავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 26-40 წლისაა.
10000 მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისი/მცხეთა-მთიანეთის ტერიტორიაზე (16,2), ყველაზე ნაკლები - იმერეთი/რაჭა/გურიაში. აღნიშნული შემთხვევების შედეგად 10000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა ფიქსირდება შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (1,5), ყველაზე ნაკლები - სამეგრელო-ზემო სვანეთში (0,7), ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 10000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია თბილისი/მცხეთა-მთიანეთში (22,7), ყველაზე დაბალი კი - იმერეთი/რაჭა/გურიაში (8,2).
ავარიების, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის მიხედვით საშუალოდ ყველაზე კრიტიკული პერიოდია ივლისი-სექტემბერის ინტერვალი, რაც ძირითადად საკურორტო პერიოდიდან გამომდინარე სეზონურ რხევას უკავშირდება.
თბილისი/მცხეთა-მთიანეთში ალკოჰოლური სიმთვრალით და სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა სრული მოცულობის თითქმის 60%-ია. ამ ორივე მიმართულებით საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ იმერეთი/რაჭა/გურიისა და სამეგრელო/ზემო სვანეთის რეგიონებს, სადაც პროცენტული წილი 10%-ს არ აღემატება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით გაშუალებული მაჩვენებელია - 35%. ამასთან, სამეგრელო/ზემო სვანეთში 2011 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა პირის გარდაცვალების არც ერთი ფაქტი სიმთვრალით გამოწვეული ავარიის შემთხვევებში.