ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეწყვიტეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რამაც ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიულ ღირებულებებს, საერთაშორისო ვალდებულებებს, კანონის უზენაესობასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში წერს.
„დიპლომატები და საჯარო მოხელეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ „ქართული ოცნების“ მცდელობას, შეცვალოს ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი – ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციის ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან და უმუშევრად დარჩნენ.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მკაცრად იყო შეზღუდული. დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ზეწოლას განიცდიდნენ, ხოლო ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები, მმართველი პარტიის მცდელობების წინაშე აღმოჩნდნენ, გამოეცხადებინათ ისინი უკანონოდ და „აეკრძალათ“ კიდეც.
ეს მოვლენები არა მხოლოდ არღვევს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დებულებებს, განსაკუთრებით მის მე-2 მუხლს, არამედ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებზე გაცილებით დაბალ დონეზე აყენებს. ეს დადასტურდა ევროკავშირის გაფართოების შესახებ უახლეს ანგარიშში, რომელშიც ხაზგასმულია უკუსვლა ცხრა კრიტერიუმიდან, რომელიც საფუძვლად უდევს საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, – წერს კესტუტის ბუდრისი.
„ქართული ოცნება“ კვლავ უგულებელყოფს ევროკავშირის არაერთგზის მოწოდებებს, დაუბრუნდეს დაპირებულ დემოკრატიულ გზას, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები, უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ამის ნაცვლად, მან გაავრცელა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რასაც თან ახლდა კრემლის სტილის სულ უფრო მტრული რიტორიკა.
ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ლიეტუვა უცვლელად იდგა ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს საკითხი წამოვწიეთ ევროკავშირის შეხვედრებზე ბრიუსელსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვემხრობოდით პრინციპულ და ერთიან რეაგირებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ობსტრუქციული პოზიციის გამო, ევროკავშირის მიერ არცერთი დამნაშავე არ დასანქცირებულა. მიუხედავად ამისა, ლიეტუვამ ეროვნული სანქციები დაუწესა 112 პირს.
დღეს, მე სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ ხალხს – მათ შორის ჩვენს კოლეგა დიპლომატებსა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც გაათავისუფლეს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების წინააღმდეგ პეტიციაზე ხელმოწერის გამო – და ყველა მშვიდობიან მომიტინგეს, რომლებსაც ერთი დღითაც კი არ შეუწყვეტიათ, უშიშრად გამოეხატათ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას!“ – წერს კესტუტის ბუდრისი.