მთავრობა საფრანგეთიდან, ლევილის სასაფლაოდან მიხეილ (მიხაკო)წერეთელის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებას გეგმავს. როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწუფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.
"მოლაპარაკებები დაიწყება, როგორც საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოსთან, ასევე წერეთლის ოჯახის წევრებთან და მეცნიერებთამ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება", - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს მიხაო წერეთლის გადმოსვენების საკითხებზე.
მიხეილ (მიხაკო)წერეთელი, ქართველი მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი, პუბლიცისტი, სოციოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი, ცნობილი ექიმის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის (1862-1937) უმცროსი ძმა. დაიბადა.1878 წლის 23 დეკემბერს, სოფელი ცხრუკვეთში - გარდაიცვალა 1965 წლის 2 მარტს, მიუნხენში.
1898 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. იმავე წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს 1899 წელს, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობისათვის. შემდეგ სწავლობდა სორბონის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1912 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განხრით.
1900-1907 წლებში მიხაკო წერეთელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. აქტიურად იყო ჩაბმული ანარქისტულ საქმიანობაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ვარლამ ჩერქეზიშვილთან, პ. კროპოტკინთან და საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის სხვა ლიდერებთან. ამასთან, ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ქართულ და უცხოურ პრესაში ფსევდონიმებით „Baton" და „მ. სანგალა." 1904 წელს იგი შეუერთდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა ჯგუფს გიორგი დეკანოზიშვილის ხელმძღვანელობით. ეს ჯგუფი მოღვაწეობდა პარიზში. აქ გამოდიოდა მათი გაზეთები "საქართველო" და "La Georgie".
1907 წელს მიხეილ წერეთელი საქართველოში დაბრუნდა. 1909 წელს თბილისში გამოიცა მისი მნიშვნელოვანი სოციოლოგიური გამოკვლევა „ერი და კაცობრიობა". 1910 წელს იგი სიტყვით გამოვიდა ლონდონის ჩაგრულ ერთა ყრილობაზე. 1914 წელს მიხეილ წერეთელმა მოიპოვა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი ასირიოლოგიაში. 1912 წელს გამოქვეყნდა წერეთლის ცნობილი გამოკვლევა „სუმერული და ქართული", რომელიც მოგვიანებით ითარგმნა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 1916 წელს ფრანგულ ენაზე გამოიცა მისი წიგნი კავკასიის ეთნიკური და კულტურული განვითარების საკვანძო საკითხების შესახებ. 1913-1916 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოების შრომების რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა მ. წერეთლის ნაშრომი „სუმერელები და ქართველები". 1914-1918 წლებში მიხეილ წერეთელი იყო საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციის - „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1918-1919 წლებში იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი გერმანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში. 1919-1920 წლებში მიხეილ წერეთელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ასირიოლოგიასა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. 1921 წელს, რუსული ოკუპაციის შემდეგ წერეთელი ემიგრაციაში მიდის. 1922-1933 წლებში იყო ბრიუსელის უნივერსიტეტის , ხოლო 1933-1945 წლებში - ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.
1926 წლიდან 1940-იანი წლების დამლევამდე მიხაკო წერეთელი იყო ქართული პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი"-ს ერთ-ერთი ლიდერი. 1929 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა გერმანულ ენაზე გამოსცა წერეთლის მონოგრაფია "ახლადაღმოჩენილი ქალდეური წარწერები". 1933-1953 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "რევიუ დ'ასირიოლოჟი" (ბელგია) ნომრებში გამოქვეყნდა მისი სტატიების სერია ურარტუს ისტორიის საკითხებზე. მ. წერეთელი არჩეული იყო ამ ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრად. 1933 წელს ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის ცნობილი თხზულების „სიბრძნე სიცრუისა" მიხეილ წერეთლისეული გერმანული თარგმანი.
მეორე მსოფლიო ომის წლებში მ. წერეთელი იყო გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო კომიტეტი"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ კომიტეტის ძალისხმევით გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე. 1942 წელს, სხვებთან ერთად, დააფუძნა „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი".
1963 წელს პარიზში გამოიცა „ვეფხისტყაოსნის" მის მიერ აღდგენილი და დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი.
1945 წლიდან იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მიუნხენში. მიხეილ წერეთელი იყო ქართული ემიგრანტული პერიოდული პრესის აქტიური თანამშრომელი. მისი უშუალო მონაწილეობით პარიზში დაარსდა სამეცნიერო ჟურნალი "ბედი ქართლისა", რომელშიც გამოქვეყნებულია მ. წერეთლის არაერთი საყურადღებო წერილი. გარდა ამისა, მისი სტატიები ქვეყნდებოდა ლონდონში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალ "Georgica" -ს ფურცლებზე.
მიხაკო წერეთელი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე.