საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრების გადაყენების საკითხი ჩააგდო. მინისტრების თანანმდებობიდან გადაყენების საკითხი პარლამენტში „ქრისტიან-დემოკრატებმა" 12 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ 2011 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დასვეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა „ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის პოსტიდან გადაყენების საკითხს უყარეს კენჭი, რომელიც 13 მომხრე ხმით 64-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
ამას გარდა, კანონმდებლებმა კენჭი უყარეს - პრობაციის, სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თანანმდებობიდან გათავისუფლების საკითხს, რომელიც 13 მომხრე ხმით 64-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
ფრაქციამ კენჭისყრებზე დააყენა ასევე, სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილებაც, რომელიც 13 მომხრე ხმით 39-ის წინააღმდეგ ჩავარდა.
12 აპრილს კენჭისყრები პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.