ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვთ.
სამთავრობოს საათზე მიწვეული 5 მინისტრისთვის გაგზავნილი 26 კითხვიდან კალმახელიძისთვის მხოლოდ ერთია განკუთვნილი. კერძოდ, კითხვა მძიმე და უკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულებს ეხება.
"ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" წევრთა არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, მათი საქმეები მუდმივმმოქმედმა სამედიცინო კომისიამ არ შეისწავლა, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული კომისიის ობიექტურობას, მაშინ როდესაც მრავალი უმძიმესი ავადმყოფი მსჯავრდებული საწოლზე მიჯაჭვული ელის თავის აღსასრულს. იღებს თუ არა მინისტრი კალმახელიძე პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაზე?" - ნათქვამია წერილში.
შედგება თუ არა 26 აპრილს სამთავრობო საათი პარლამენტში, ხვალ გაირკვევა.