პარლამენტში მისვლის შემთხვევაში, ოპოზიციონერი დეპუტატები ივანე მერაბიშვილს გივი თარგამაძის ქურდულ სამყაროსთან კავშირის საკითხის გამოძიებას მოსთხოვენ.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ კითხვაშია ნათქვამი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე არ უარყოფს კანინიერ ქურდებთან სატელეფონო საუბრების ფაქტებს.
"თარგამაძის სატელეფონო საუბრების ფაქტებს ე.წ. კანინიერ ქურდებთან და ბელარუსი ოპოზიციონერის მკვლელობის მუქარების შეკვეთას, ის ოფიციალურად არ უარყოფს. ეს ასაბუთებს მის კავშირს ქურდულ სამყაროსთან. კანონი ავალდებულებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს დანაშაული და გამოძიების შედეგებს შესაბამისი მსვლელობა მისცეს. რეჟიმმა ეს არც ერთხელ არ გააკეთა. გესმით თუ არა, რომ ამით აღიარებთ, რომ უზანაესი ხელისუფლება თვითონ არის დამნაშავე?!" - აღნიშნავენ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ხუთშაბათის სამთავრობო საათზე 5 მინისტრის იბარებს. მივა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი 26 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში, ხვალ გაირკვევა.