პარლამენტში მისვლის შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე განმარტებას მოსთხოვენ.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრები ვანო მერაბიშვილს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განცხადებას უცვლელად წაუკითხავენ და შესაბამის განმარტებებას მოსთხოვენ.
ამონარიდი ივანიშვილის ცნობილი განცხადებიდან, მინისტრისადმი გაგზავნილი კითხვების ნუსხაშია მოყვანილი.
"გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება გადამეფიქრებინა. ეს 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე ხდებოდა. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წელის აგვისტოში განახორციელეთ. ბოკერია დაჟინებით ითხოვდა, ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი, ბოკერია დამერწმუნებინა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ შეიძლებოდა.
სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც ჩემი მისამართით გამოხატავდი. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: "ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?" მე გავაფრთხილე და ვუთხარი, "სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არაფერს არ ახლოთ-მეთქი.
მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა". (ნაწყვეტი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი განცხადებიდან).
ადასტურებთ, თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება?", - ნათქვამია კითხვაში.
მივა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ხუთშანათს საკანონმდებლო ორგანოში, ხვალინდელ პლენარულს სხდომაზე გახდება ცნობილი.