საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი მილიარდელის დონალდ ტრამპის ვიზიტს წარმატებად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში ტრამპის შემოსვლით, გარე ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბათუმში შენობები საკმაოდ სწრაფი ტემპით შენდება და უახლოესი 4 წლის განმავლობაში ბათუმი 4-5 მლნ ტურისტის მიღებას შეძლებს.
როგორც დღეს ბათუმში Trump Tower-ის პრეზენტაციისას ითქვა, Trump Tower-ის მშენებლობა 2013 წელს დაიწყება, ხოლო წლის ბოლომდე Trump Tower-ის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება.
"მარტო ბათუმში 2 მლნ კვ/მ შენდება. ბათუში შენდება იმაზე მეტი, რაც ბოლო 150 წელში აშენებულა. უახლოესი 4 წლის განმავლობაში აჭარაში 4-5 მლნ ტურისტი ჩამოვა. ბათუმი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაგარი ქალაქი. არსად კონტინენტურ ევროპაში, ჩვენი მეზობელი თურქეთის გარდა, დონალდ ტრამპს განხორციელებული არ აქვს საკუთარი პროექტები. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვება და ბევრი გეოპოლიტიკური რისკია, თუმც აღმშენებლობა გრძელდება. აქვე შენდება შავი ზღვის უნივერსისტეტი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება. მე და ვარშალომიძე ღამღალებით დავდივართ, რათა არ შეჩერდეს მშენებლობა. ჩვენ შეჩერების დრო არ გვაქვს. ამ წუთებში საქართველოში ყველაზე დიდი დეველოპერი იმყოფება, დონალდ ტრამპი არის ყველაზე დიდი პროექტი. რეალურად ახალი ამერიკა არის მისი აშენებული. ამერიკა ახალი ქვეყანაა და ამ ახალ ქვეყანაში კიდე ვიღაც ახალს, რომ აშენებს ეს არის დიდი წარმატება. ტრამპს ბევრჯერ დასცინეს და გამოაცხადეს, რომ მისი საქმე წასულია, მაგრამ ამ ადამიანმა არასოდეს უკან არ დაიხია და უფრო მეტი მიიღო შემდეგ. ეს ქმედება ჩემთვისაც ძალიან ნაცნობი და მისაღებია. საქართველოში დიდი მოღვაწეა ჩამოსული" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა ტრამპის წინაშე პირობა დადო, რომ ბათუმი მალე სინგაპურზე მაგარი ქალაქი გახდება.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, Trump Tower-ის უკან ახალი პორტი გაშენდება, რომელსაც კომპანია "როიალ კარიბიანი" ააშენებს. საკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ "როიალ კარიბიანი" ანალოგიურ პროექტს შავ ზღვაზე მხოლოდ ბათუმში განახორციელებს.
როგორც ცნობილია Trump Tower-ის პროექტი, არქიტექტურული ფირმა "John Fotiadis Architect"-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.
ამერიკელი მილიარდერის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ საქართველოში ტრამპის პარტნიორმა კომპანია "სილქროუდ ჯგუფმა" განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.
ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.
გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ში მდებარე მსხვილი სამშენებლო კომპანია Trump Organization-ის პრეზიდენტი და კომპანია Trump Entertainment Resorts-ის დამაარსებელია, რომელიც მართავს კაზინოებისა და სასტუმროების დიდ ქსელ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.