სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე.
საქართველოს საგარეო უწყების ინფოორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამართლებრივი ბაზის მიმდინარე მდგომარეობა. შეხვედრაზე მხარეები ასევე დეტალურად შეეხნენ ევროკავშირთან ურთიერთობებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ თანამშრომლობას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთქმედების გაგრძელების აუცილებლობა.
კონსულტაციების ფარგლებში, ასევე გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.