კახა კალაძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სადამფუძნებელო ყრილობას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება.
კახა კალაძე Facebook-ში, საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს,, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ძვირფასო მეგობრებო, დღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაა. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნას, თუმცა მთელი არსით თქვენს გვერდით ვარ.
დიახ, დღეს იქმნება პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებული არიან თავიანთ სფეროში წარმატებული, პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც ხალხის სიყვარული და საყოველთაო აღიარება უკვე დაიმსახურეს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო მათ გადაწყვიტეს მეტი აქტივობა გამოეჩინათ.
ქვეყანაში შექმნილ უსამართლობას, ბიზნესის დატერორებას, ადამიანთა ჩაგვრას, სოფლის მეურნეობის გაჩანაგებას, ეკონომიკისა და სპორტის განადგურებას, ბიუჯეტიდან ფულების მოპარვას და მრავალი სხვა მანკიერი პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". საქართველოს მოსახლეობას უნდა მიეცეს ნორმალური სამუშაო და დასვენების პირობები, არ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს მუდმივ დაძაბულობასა და ერთი ადამიანის ახირებებისა თუ სურვილების ასასრულებლად.
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელთაა. დღეს არსებული კაცთმოძულე რეჟიმის დასამარცხებლად შექმნილი პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების" კოალიციის სხვა წევრებთან და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ყველა ერთად ავიხდენთ ასე ნანატრ ქართულ ოცნებას.
არსებული რეჟიმის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!"