საქართველოს ვიცე-პრემიერი უკრაინაში ვიზიტს განაგრძობს.
გიორგი ბარამიძე კიევში მიმდინარე მეხუთე სამუშაო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემებსა და გამოწვევებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე.
,,ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი პოზიციები დაგვეფიქსირებინა და განგვემარტა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისევე, როგორც უკრაინელი კოლეგებისთვის საქართველოს პოზიცია, თუ როგორ ვაპირებთ მშვიდობიანად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და, რა თქმა უნდა, საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში", _ განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინაში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, ფორუმში მონაწილეობენ ჩეხეთის, საფრანგეთის, ლიტვის, უკრაინის, რუმინეთის და სხვა ქვეყნების აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საერთაშორისო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.