სეპარატისტული დნესტრისპირეთი შესაძლოა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს, იმ შემთხვევაში თუ მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანდება. ეს განცხადება დნესტრისპირეთის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"მოლდოვის პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ - ისინი მოლდოველები არიან თუ რუმინელები. თუ რუმინელები არიან მაშინ საზღვრები სხვა იქნება და ექვსი წლის წინ გაკეთებული ჩემი განცხადება კვლავ ძალაშია"_ განაცხადა როგოზინმა. ასე უპასუხა, მან კითხვას იმის შესახებ -არის თუ არა ძალაში კვლავ მის მიერ 2006 წელს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ დნესტრისპირეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.
მისივე თქმით, "თუ ისინი, მოლდაველები, მოლდოვური სახელმწიფოს პატრიოტები არიან, მაშინ ისინი შეძლებენ მოქნილობის, სიბრძნისა და შორსმჭვრეტელობის გამოჩენას იმისათვის რათა მომავალში დნესტრისპირეთთან ერთიანი სახელმწიფოს მომავალი ააშენონ".
როგოზინი ასევე აცხადებს, რომ კიშინიოვში უნდა ესმოდეთ, რომ მათი მომავალი სახელმწიფო შესაძლებელია მხოლოდ ფედერაციული ან კონფედერაციული მოწყობის იყოს.
დნესტრისპირეთის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი ასევე აცხადებს, რომ 1992 წელს რუსეთი მზად იყო ეღიარებინა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ "დღეს ეს საკითხი არ დგას".