დღეს, 21 აპრილს, 14:00 საათზე კახეთში, წინანდლის ისტორიული მუზეუმის ბაღში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება. საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია უმასპინძლებს. ფესტივალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება.
ღონისძიებაზე ადგილობრივ ბაზარზე არსებული ქართული ყველის პოპულარული და უძველესი სახეობები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალში საქართველოს ყველა რეგიონიდან 40-მდე ყველის მწარმოებელი კომპანია და წვრილი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ყველისგან დამზადებულ ორიგინალურ ფიგურებს და ტრადიციული სუფრისთვის დამახასიათებელ ექსპონატებს ადგილზე დაამზადებენ.
ღონისძიების ფარგლებში, კომპანია ,,ემ ჯგუფი" ყველისგან დამზადებულ მრავალფეროვან კერძებს წარმოადგენს, რომლებიც შესულია მათ ახალ სამზარეულოში ,,ქართული საგანძური". მოწვეულ სტუმრებს, სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის, ელარჯის, ყველიანი კვერების და სხვა ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად, ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ.
საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოცაა, რომლის წარმოებასაც 28 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ფესტივალის მიზანია ყველის, როგორც უძველესი ტრადიციული ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია, რაც ქართულ ნაწარმს საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.
ფესტივალის დასასრულს ,,ჯეოსტარის" სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.