დღეს, 21 აპრილს საქართველოს დონალდ ტრამპი ესტუმრება. ცნობილი ამერიკელი მილიარდელის საქართველოზი ვიზიტის მთავარი მიზანი, ქვეყანაში განსახორციელებელი პროექტებია. როგორც ცნობილია, Trump Tower-ი ბათუმში აშენდება, ხოლო ბათუმის პროექტის შემდეგ ცნობილი მილიარდელი და მედიამაგნატი პროექტს თბილისშიც განახორციელებს და საქანელას ქუჩაზე მთელს ინფრასტრუქტურას ააშენებს.
ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. 22 აპრილს ტრამპი მონაწილეობას მიიღებს პროექტს Trump Tower-ის პრეზენტაციაში. 22 აპრილსვე მედიისთვის დაგეგმილია სპეციალური პრესკონფერენციაც.
Trump Tower-ის პროექტი, არქიტექტურული ფირმა "John Fotiadis Architect"-ის მიერ არის შემუშავებული. თანამედროვე 47-სართულიან შენობაში 80-დან 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინები განთავსდება, რომლებსაც ხედები შავი ზღვის სანაპიროსკენ ექნება.
როგორც ცნობილია, ამერიკელი მილიარდერის ვიზიტი საქართველოში ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა შემდგარიყო, თუმცა ვიზიტი გადადიდო და მაშინ საქართველოში ტრამპის პარტნიორმა კომპანია "სილქროუდ ჯგუფმა" განმარტება გააკეთა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ 2012 წლის დასაწყისში შედგებოდა.
ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად Trump Tower საქართველოშიც აშენდება.
გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ჯონ ტრამპი აშშ-ში მდებარე მსხვილი სამშენებლო კომპანია Trump Organization-ის პრეზიდენტი და კომპანია Trump Entertainment Resorts-ის დამაარსებელია, რომელიც მართავს კაზინოებისა და სასტუმროების დიდ ქსელ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.