საჯარო სამსახურში პირის დანიშვნა ან დაწინაურება მხოლოდ კონკურსის გზით გახდება შესაძლებელი.
აღნიშნულს ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ,, კანონში ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურის პოსტზე მოვალეობის შემსრულბლის დანიშვნა მხოლოდ ერთხელ, მაქსიმუმ 3 თვით იქნება შესაძლებელი. მაღალ თანამდებობებზე კი მოვალეობის შემსრულებელის დანიშვნა ერთი წლით (მცოლოდ ერთხელ) იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ კონკურსზე კადრი ვერ შეარჩიეს, თანამდებობა ვაკანტური დარჩება და შემდეგ კონკურსი თავიდან გამოცხადდება.
ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურში პირის დანიშვნა ან დაწინაურება მხოლოდ კონკურსის გზით იქნება შესაძლებელი. ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზეც გავრცელდება. ნებისმიერი ვაკანსია კი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გარდა ამისა, სავალდებულო იქნება ნებისმიერი სამუშაოს აღწერილობის შემუშავება. ასევე, ჩამოყალიბდება შეფასების სისტემა, რომელიც ატესტაციას ჩაანაცვლებს.
კომიტეტის თვამჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ყველა მსხვილ უწყებაში მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის შექმნის წინადადებითაც გამოვიდა.
უმრავლესობის წევრის კახა ანჯაფარიძის განაცხადებით, საკონკურსო კომისიას უფლება ექნება საჯარო მოსამსახურის კონკურსზე, კანდიდატურის განხილვისას, მისი უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს.
გოგორიშვილი კი მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის რეკომენდაციას მეტი ძალა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, როდესაც ადამიანები უფრო ობიექტურები გახდებიან.