პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დავით ბაქრაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა და ქალაქ თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ჯანდაცვის საკითხებზე, ახალ სამედიცინო ცენტრებზე, რომელიც თერჯოლაშიც მოქმედებს და საქართველოს ყველა რაიონში იხსნება, ასევე 140-ლარიან საპენსიო პაკეტზე, რომელიც პენსიონრების დაზღვევას გულისხმობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მედიაციის სამსახურის ფუნქციებზე, რომელიც მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობაში დაეხმარება. მან მოსახლეობასთან ერთად რაიონში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტური პროექტებიც განიხილა.
პარლამენტის თავმჯდომარე მოსახლებასთან შეხვედრის შემდეგ ღვინის ქარხანა ,,ხარებას" ესტუმრა.
,,მთავარი პრიორიტეტი აქაც, ისევე როგორც ყველგან დასაქმებაა. სწორედ ამიტომ, დღეს ჩემი თერჯოლაში სტუმრობის ერთ-ერთი ნაწილი იმ საწარმოების დათვალიერებაა, სადაც არის წარმატებული წარმოება. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავეხმაროთ ასეთ საწარმოებს და შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ბევრი ახალი საწარმო შეიქმნას და ადამიანები დასაქმდნენ",- აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სწორედ ამ მიზნით ხელისუფლება წელს პროფესიული განათლების და გადამზადების პროგრამებს იწყებს.
დღესვე დავით ბაქრაძემ თერჯოლაში „ძევრულჰესი" მოინახულა და ადგილობრივი მომუშავე პერსონალის სამუშაო პირობებით დაინტერესდა.