შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე დააკავეს ,,ლიბერთი ბანკის" ჩოხატაურის რაიონის ფილიალის მოლარე-ოპერატორი, 1986 წელს დაბადებული. ვალერი გიორგაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ სარგებლობდა ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომლების ,,იუზერებითა'' და პაროლებით, რითაც ახდენდა ფიზიკურ პირთა დაბლოკილი ანგარიშებიდან ბლოკების მოხსნას და ანგარიშების მფლობელების შეცვლას, რის შედეგადაც ანგარიშის ჩანაწერში შესული ნებისმიერი ოპერატორი ან ბანკის სხვა უფლებამოსილი თანამშრომელი ანგარიშების მფლობელებად მის მიერ შეტანილი ცვლილებების შედეგად მითითებულ პიროვნებას ხედავდა. ამის შემდეგ ვალერი გიორგაძეს მის მიერ გაყალბებული ხელმოწერებით გამოწერილი გასავლის ორდერებით სალაროდან გამოჰქონდა თანხები და ითვისებდა მართლსაწინააღმდეგოდ. ჯამში, მის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ შესრულებულ იქნა 99 საბანკო ოპერაცია და ამ გზით 2010 და 2011 წლებში თალითურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით ფულადი თანხები, 41045.75 ლარი და 1078 აშშ დოლარი.
2012 წლის 17 აპრილს ვალერი გიორგაძე დაკავებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.