თინათინ ხიდაშელი აშშ- ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა კონგრესმენ ისრაელთან, რომელმაც სერიოზული წუხილი გამოთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. მან განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა კონტროლის პალატის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მანვე თინათინ ხიდაშელს „ქართული ოცნების" აქტივისტების დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების განმეორების შემთხვევაში, აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.
მეტად ინფორმირებისა და სრულფასოვანი მხარდაჭერისათვის, კონგრესმენმა „ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან სრული ინფორმაცია მოითხოვა იმ ძირითადი პრობლემებისა და საკითხების შესახებ, რომლებზეც შეხვედრის დროს იყო საუბარი. ამასთან, მან უფრო აქტიური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვა.
დღესვე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა კაპიტოლიუმში, მათ შორის წარმომადგენელთა პალატაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატების აპარატის უფროსთან.
შეხვედრები გაგრძელდა სახელმწიფო დეპარტმენტში. დღეს თინა ხიდაშელი კავკასიისა და რეგიონალური კონფლიქტების სამსახურის დირექტორს ჯასტინ ფრიდმანს შეხვდა.
ხიდაშელმა შეხვედრები გამართა კონგრესმენ დევიდ დრაიერის კაბინეტში, პოლიტიკურ დირექტორთან. შეხვედრა შედგა სენატორ რიჩის კაბინეტშიც, მის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველთან.