საჯარო მოსამსახურეებს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ ექნებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, უქმდება საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში შესვლისას და შემდგომ ყოველწლიურად, ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციის წარდგენას არც რაიმე საგადასახადო მიზანი ჰქონდა და არც გამჭვირვალობას უწყობდა ხელს, რადგან მისი გამოქვეყნება არ ხდებოდა.
შესაბამისად, ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ, დეკლარაციების ყოველწლიურად შევსების და საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ თანამდებობის პირებს ექნებათ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან. იგი პარლამენტში გასული წლის ოქტომბერში იყო ინიცირებული და საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს განიხილავს.