საჯარო სამსახურებში თანამშრომელთა დაწინაურება გამარტივდება. ამის შესახებ ცვლილება "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებულ იქნეს ის მოხელე, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 6 თვე მაინც. კანონპროექტით კი, ეს ნორმა უქმდება. შესაბამისად, მოხელის დაწინაურებისთვის, მისი 6-თვიანი მუშაობის ვალდებულება, აღარ იქნება.
ამასთან, საჯარო სამსახურში მოხელეს დაწინაურებისას, ან კონკურსის წესით მიღებისას, შესაძლოა, გამოსაცდელი ვადა დაუწესონ.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, პირი თანამდებობაზე არ შეიძლება გამოსაცდელი ვადით დანიშნოს, თუ ის თანამდებობაზე კონკურსის წესით ინიშნება და ან თანამდებობას, სამსახურებრივი წინსვლის შემთხვევაში იკავებს. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვები იხსნება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები ზვიად კუკავა და ანდრო ალავიძე არიან. პროექტი პარლამენტშო გასული წლის ოქტომბერშია ინიცირებული და მისი განხილვა დღეს იწყება.