38 წლის მაკა იმერლიშვილი 8 თვის ორსული იყო და აღრიცხვაზე თბილისში, დავით გაგუას კლინიკაში იმყოფებოდა. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები არასწორი მკურნალობის დანიშვნაში ექიმებს ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
„გოგოს უცბად დაუძახია მიშველეთო და გადავარდნილა. სასწრაფო რომ მივიდა, რატომ დროულად არ წაიყვანეს საავადმყოფოში, რომ ბავშვი მაინც გადარჩენილიყო? გაურკვეველ სიტუაციაშია ბავშვი მკვდარი. ვადანაშაულებ გინეკოლოგებს, ვისთანაც დადიოდა კონსულტაციებზე, სასწრაფოს ექიმებს. დროულად რომ მიეხედათ, ბავშვი გადარჩებოდა, ამას ვდაობთ. 2 საათი ცოცხლობს ბავშვი მუცელში და რატომ არ გადაარჩინეს? მაკას სიკვდილის მიზეზიც გვაინტერესებს. კარგად იყო, არაფერი არ ჰქონდა სასიკვდილო," - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის ბიცოლამ მარინე შანყულაშვილმა.
დაღუპულის ახლობლების თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზის შემდეგ მუცელი აღარ ეტყობა. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს და ჩვილი დამალეს.
გარდაცვლილის მეუღლის ვიტალი ჭაჭაშვილის განცხადებით, ექიმები მის ცოლს არასწორად მკურნალობდნენ, რაც შესაძლოა მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
„გაგუას ცენტრში დამყავდა. ექოსკოპიასაც იქ იკეთებდა, გამოკვლევებსაც. დანიშნულებას გაგუა წერდა. თვეში ერთხელ გვიწევდა კონსულტაცია. გასულ თვეს გვითხრა, სინჯები გაიკეთეთ ალერგიაზეო. ალერგიის ცენტრში სინჯები გაიკეთა, პირველმა სინჯმა აჩვენა, რომ ალერგიული იყო, შემდეგ სინჯებზე კარგი მდგომარეობა ჰქონდა. ჰაერის უკმარისობა მაქვს, ბავშვი მაწვებაო ჩემი ცოლი ეუბნებოდა ხოლმე ექიმს და ხომ უნდა დაენიშნათ შესაბამისი წამლები. რაც მართლა პრობლემა ჰქონდა, იმაზე არაფერ წამალს არ უწერდა და სხვა რამეებზე მკურნალობდა,", - აღნიშნა ვიტალი ჭაჭაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის დავით გაგუასთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა კლინიკის ადმინისტრაციაში კომენტარზე უარი განაცხადეს.