უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ არსებობს რუსეთის აგრესიის სხვა ქვეყნებზე გავრცელების რისკი, თუ საერთაშორისო საზოგადოება აგრესორი სახელმწიფოსთვის იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდებას არ შეწყვეტს.
ზალუჟნის თქმით, რუსეთი უკრაინის კიევის, ხარკოვის, დნიპროს, ოდესისა და სხვა დიდი ქალაქების ფაქტობრივად უწყვეტ დაბომბვაზე გადავიდა და ხელმისაწვდომ ყველა საშუალება იყენებს. მისი განცხადებით, ძველი და ახალი „შაჰედები“ ფაქტობრივად პირდაპირ საწარმოო ხაზიდან მიფრინავენ უკრაინის მიმართულებით, მაშინ როდესაც ბალისტიკური რაკეტები ისეთი ღამეებისთვის გროვდება, როგორიც 24 სექტემბერი იყო.
„სამშობიაროებზე, ფერმებზე, სავაჭრო და საოფისე ცენტრებზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმები ღია ტერორიზმია. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რუსებს ამისთვის საკმარისი რესურსები რომ არ ჰქონოდათ.
წლების განმავლობაში რუსეთი კვლავ იღებს იმპორტირებულ კომპონენტებს, რომლებიც მას საშუალებას აძლევს არა მხოლოდ გააგრძელოს, არამედ გაზარდოს იარაღის წარმოება. მსოფლიომ ამას საბოლოოდ უნდა მოუღოს ბოლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ეს საფრთხე მხოლოდ უკრაინას აღარ დაემუქრება“, - განაცხადა ზალუჟნიმ.