ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ISAF-ის ფორმატში.
შეხვედრაზე, მოკავშირეებმა და ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს ავღანეთთან დაკავშირებით ნატოს ლისაბონის სამიტის და ბონის კონფერენციის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება.
მათ ასევე ხაზი გაუსვეს ავღანეთში მიმდინარე გარდამავალი პერიოდის მხარდაჭერის აუცილებლობას და ძირითადი აქცენტები გააკეთეს 2014 წლის შემდგომ ავღანეთში საერთაშორისო საზოგადოების გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობაზე. ISAF-ის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა ავღანეთში მიღწეული პროგრესის და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნების, ისევე როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს ავღანეთის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავენ ავღანეთში ალიანსის გრძელვადიანი ჩართულობის პრინციპებს.
თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ალიანსის ავღანური მისიის წარმატების მნიშვნელობა და დაადასტურა, რომ საქართველო 2014 წლის შემდგომაც გააგრძელებს ავღანეთში ალიანსის ჩართულობის მხარდაჭერას.
მასალის გამოყენების პირობები