სასტუმრო "მეტეხი პალასში" გაიხსნა კონფერენცია თემაზე: "ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრთათვის".
კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გახსნა. მისი თქმით, პარლამენტის როლის გაზრდასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების შესვლის შემდეგ, პარლამენტარების პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმების მიმართ ყურადღება გაიზარდა.
"2010 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიზანი იყო ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადასვლა. რეფორმის შედეგად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ცენტრი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. რეფორმის განხორცილებაში ოპოზიციაც მონაწილეობდა და ამან ჩვენს პოლიტიკურ კულტურას მეტი დემოკრატიულობა შესძინა. პარლამენტის როლის გაზრდამ თავის მხრივ ეთიკის კოდექსის მიმართ ყურადღების გაზრდაც გამოიწვია", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE ODIHR) მიერაა ორგანიზებული. ღონისძიებაში ქართველ პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობენ პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE ODIHR) ექსპერტები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები.