,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ეშინია წიგნებისა და განათლების.
,,ხელისუფლებას პანიკური შიში აქვს იმისი, რომ ვინმემ შეიძლება კეთილი საქმე გააკეთოს და ეს მოდიოდეს ოპოზიციისგან. Eეს არის ერთადერთი ახსნა იმისი, რაც მოხდა გუშინ. ხელისუფლება დაშინებულია. მათ ეშინიათ წიგნების, განათლების. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეშინიათ ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ მშობლიური რაიონის, ამბროლაურის ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს.
ფანჯიკიძის განცხადებით, ყოველ წელიწადს ის ოჯახის წევრებთან ერთად, მამამისის მწერალ გურამ ფანჯიკიძის სახელობის ბიბლიოთეკას სტუმრობს და საჩუქრად წიგნები ჩააქვს.
,,ბიბლიოთეკის წინ მამაჩემის ბიუსტი დგას. ჩვენ პატივისცემის ნიშნად ვხვდებით ხოლმე ბიბლიოთეკის დირექტორს და თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან ბიბლიოთეკას და მათთან კონტაქტი გვაქვს. დღეს, ბიბლიოთეკაში 13:00 საათისთვის მივედი, როდესაც თანამშრომლებს დავუკავშირდი, მითხრეს, რომ 15:00 საათისთვის იქნებოდნენ და არც იმ დროისთვის იმყოფებოდნენ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა მთელი დღე დაკეტილი იყო, რადგან ეშინოდათ რომ მე წიგნებს მივიტანდი", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ის გუბერნატორის მოადგილეებს შეხვდა, თუმცა მათგან ადეკვატური პასუხი ვერ მიიღო.
,,გუბერნატორის ორ მოადგილეს შევხვდი, რომლებმაც მითხრეს, რომ არაფერი არ იცოდნენ და ვერ ახსნეს რატომ იყო დაკეტილი სამუშაო საათებში ბიბლიოთეკა. ჩვენი ვთხოვეთ სასწრაფოდ დაერეკათ ბიბლიოთეკის დირექტორისთვის და მოეთხოვათ ბიბლიოთეკის გაღება, მაგრამ ეს არ გააკეთეს. Aალბათ, შესაბამისი სტრუქტურებისგან ჰქონდათ მითითება შენობა არ გაეღოთ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მშობლიური რაიონის ამბროლაურის ბიბლიოთეკაში არ შეუშვეს, სადაც ყოველწლიურად ბიბლიოთეკისთვის საჩუქრად წიგნები ჩააქვს.