პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაციას არჩევნებთან და ხალხის ნებასთან არაფერი საერთო არა აქვს.
როგორც ბაქრაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის დღევანდელ ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა, აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში ჩატარებული ვერავითარი არჩევნები კანონიერად ვერ ჩაითვლება, სანამ ეთნიკური წმენდის შედეგები არ გამოსწორდება, დევნილები საკუთარ სახლებში არ დაბრუნდებიან და სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარი ამ ორ ქართულ რეგიონს არ დატოვებს.
~იმ პირობებში, როდესაც ცხინვალის რეგიონიდან ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტი განდევნილია, ხოლო ტერიტორიას სრულად რუსეთის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, ვერანაირ პროცესს არჩევნები და მოსახლეობის ნების გამოხატვა ვერ დაერქმევა~ - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს ცხინვალში ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ინაუგურაცია გაიმართა. ღონისძიებაზე დე-ფაქტო ხელისუფლებას 500-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა მიწვეული.
ცხინვალში იმყოფებიან დელეგაციები აფხაზეთიდან, დნესტრისპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე ნიკარაგუას ელჩი ~სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში~ ლუის მოლინა კუადრა და სხვები.