ქართული მხარე ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, საქართველოს პროგრესთან დაკავშირებით დღემდე გაკეთებული განცხადებების, კანონისა და დადგენილების ენაზე ასახვას მოელის. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, არაერთხელ გაკეთებულა განცხადებები, რომ საქართველო ნატოსთან და ალიანსში გაწევრიანებასთან დღეს უფრო ახლოა, ვიდრე ეს იყო ბუქარესტში, ან მანამდე.
,,სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ეს სიახლოვე და ეს პროგრესი ჩიკაგოს სამიტის დოკუმენტებში ადექვატურად იქნება ასახული, თუმცა რა ფორმით და როგორ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ამაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ სამუშაოს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი სწორედ ბრიუსელში გამართული შეხვედრები და მინისტერიალი იყო. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველოს პროგრესი, ასევე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებში ასახული წინსვლა, ჩიკაგოს სამიტის დადგენილებებში დაფიქსირდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, წარმატებული იყო ასევე ბრიუსელში გამართული მინისტერიალი და მის ფარგლებში გამართული შეხვედრები, რაც ბუნებრივია, პირველ რიგში ნატოს ჩიკაგოს სამიტის მომზადებას ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ჩიკაგოში ნატოს სამიტი მაისშია დაგეგმილი.