"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის, სუვერენული ქვეყნის, შიდა პოლიტიკურ ვითარებაში უხეში ჩარევით, კიდევ ერთხელ შეუქმნა უხერხულობა ჩვენს ქვეყანას და მის იმიჯს ცივილიზებული სამყაროს თვალში.
"მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც არაფერი გააკეთა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოსაყალიბებლად და თავის ქვეყანაში გახდა პოლიტიკური კრიზისის საფუძველი, ცდილობს თავი რეგიონალური პროცესების წამყვან ფიგურად და სხვა ქვეყნის პრობლემების მომგვარებლად წარმოაჩინოს", _ ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ათასობით დამკვირვებლის გაგზავნამ და მათმა მოქმედებებმა საარჩევნო პროცესში დაძაბულობა და გაუგებრობა გამოიწვია.
"ამით ნათელი ხდება თუ რა მეთოდებით და როგორ ხედავს საქართველოს ხელისუფლება "დემოკრატიული არჩევნების" ჩატარებას და თავის ქვეყანაში რა დემოკრატიულ სტანდარტებზე აქვს მას სწორება. ამგვარი ქმედებით მიხეილ სააკაშვილი დათვურ სამსახურს უწევს იმ ადამიანებსაც, ვისაც ვითომდა მეგობრობასა და თანადგომას უცხადებს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მოძმე უკრაინში, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხი ავტორიტარი სააკაშვილის ჩარევის გარეშეც შეძლებს დემოკრატიის გამარჯვების უზრუნველყოფას", _ აღნიშნულია განცხადებაში.