"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრ გურამ ჩახვაძის მტკიცებით, ქართულ ციხეებში არსებული მდგომარეობა ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშევიკური რუსეთის საკოცენტრაციო ბანაკებში დამკვიდრებულ პრაქტიკას შეიძლება შეედაროს.
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში განაცხადა.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ის, რაც ჩვენს ციხეებში, განსაკუთრებით კი გლდანსა და ქუთაისში ხდება, შეიძლება ფაშისტურ გერმანიასა და ბოლშევიკური რუსეთის საკოცენტრაციო ბანაკებში დამკვიდრებულ იმ პრაქტიკას შევადაროთ, რომლის მთავარი დანიშნულება ადამიანების ფიზიკური და სულიერი განადგურება იყო. თუ გვერდზე გადავდებთ გაზის კამერებსა და მასობრივი დახვრეტებს, რასაც მადლობა ღმერთს ჩვენს სინამდვილეში ადგილი არ აქვს", - განაცხადა დეპუტატმა და დაინტერესდა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების დანაშაულში ეჭვმიტანილმა ყველა მოხელემ გაიარა თუ არა სამედიცინო შემოწმება, რადგან მისი თქმით, შეუძლებელია ფსიქიკურად ნორმალურმა ადამიანმა სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი ქმედებები ჩაიდინოს.