სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ ზოგიერთი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველი არსებობს.
ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის მიერ ორი მინისტრის - კობა სუბელიანისა და ხათუნა კალმახელიძის -პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საპასუხოდ განაცხადა.
ტუღუშის განცხადებით, იმ მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველი ნამდვილად არსებობს, რომლებიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს მუდმივად და ჯეროვნად ვერ ასრულებენ.
"ანგარიშში მოყვანილი ფაქტები რეაგირებას საჭიროებს და თუ რომელიმე მინისტრი ამ კუთხით არაფრის გაკეთებას არ აპირებს, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე უწყების ხელმძღვანელი შეიცვალოს, თუმცა ეს პარლამენტის გადასაწყვეტია", - განაცხადა სახალხო დამცველმა.
მისი თქმით, მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა და პირადად სახალხო დამცველი ამას ვერ გააკეთებს.