სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ წეროვანში თანამედროვე დაწვიმებით სარწყავ სისტემები დაათვალიერა.
წეროვანის სადემონსტრაციო ნაკვეთზე, რომლის სრული ფართობი 289 ჰა-ს შეადგენს, დამონტაჟებულია 5 ერთეული ,,რეინკეს" ფირმის თანამედროვე დაწვიმებითი მორწყვის მექანიზმი. სისტემას წყალი მდინარე ქსნიდან 7 კმ-იანი მილსადენით უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
დაწვიმებითი სარწყავი სისტემა მცენარის ვეგეტაციის პერიოდის კონტროლის საშუალებას იძლევა. სარწყავ წყალში საჭირო ქიმიკატების და სასუქების შეტანა ხდება, რაც ნათესებზე მინერალების ნორმირებულ მიწოდებას უზრუნველყოფს. მექანიზმიდან წყალი ჰაერში გაიფრქვევა და ნებისმიერი რელიეფის მქონე ნაკვეთის იდეალურად მორწყვის საშუალებას იძლევა. თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის ეს უპირატესობები მოსავალს მინიმუმ 30 %-ით ზრდის.
წეროვანის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ამჟამად დათესილია: ხახვი (30 ჰა), ხორბალი (110 ჰა), ნიორი (10 ჰა). ასევე საგაზაფხულო კულტურებიდან მოხდება პომიდორის, ბადრიჯნის, ბულგარული წიწაკის, წიწაკის, ბროკოლის და სიმინდის კულტურების წარმოება.
სადემონსტრაციო ნაკვეთების არსებობის მთავარი მიზანი ხეხილისა და ბოსტნეულის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენება, მოსავლიანობის გაზრდა, იმპორტის ჩანაცვლება და ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაა. ნაკვეთზე საჭირო ტექნოლოგიებით პროდუქციის სრული საწარმოო ციკლის მართვა მიმდინარეობს.