საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ჯონდი ბაღათურიას ყველა საშუალებით და მეთოდით უნდა მხოლოდ ფული. ამის შესახებ მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ,,ქართული დასის,, ლიდერის მიერ ალტერნატიული წინადადების შეთავაზების შემდეგ განაცხადა, რომლის თანახმადაც, სარეკლამო ხარჯების დაფინასებისთვის უპირატესობა, არა მხოლოდ ადგილობრივ არჩევნებში, არამედ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში შედეგების მქონე პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ.
მინაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჯანდაცვისა და სხვა პრობლემებია, ბაღათურიას რეფორმებში მონაწილეობის არავითარი განცდა და სურვილი არა აქვს.
,,იგი ზრუნავს მხოლოდ ფულზე, ფინანსურ გაუმჭვირვალეობაზე. ბაღათურიას უნდა ფული, ფული, ფული - ყველა საშუალებითა და მეთოდით. ის ცდილობს როგორმე ყველა იმ რელსზე დაჯდეს, რომელიც ივანიშვილმა ააგო. ის კი სხვადასხვა ტიპის ადამაინების კოლექციას აგროვებს" - განაცხადა მინაშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ჯონდი ბაღათურიას შემდეგ არჩევნებში მხარს არავინ დაუჭერს და ვერც პარლამენტში ვერ მოხვდება.
ცვლილებების პროექტით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე და შედეგის მქონე პარტიებს, სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარად, დამატებითი თანხა გამოეყოფათ. ეს თანხა საარჩევნო სუბიექტისთვის მასში შემავალი პარტიებსითვის ჯამურად, 600 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.