თელავში მცხოვრები მარტოხელა დედა მეგი ბერიაშვილი, რომელსაც სამივე შვილი ვირუსული ინფექციით ავად ჰყავს, აცხადებს, რომ უფულობის გამო, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მისი 7 თვის ბავშვი არ მოათავსეს.
„7 თვის ბავშვი ავად მყავს, მაღალი სიცხეები აქვს. კაპიკი ფული არ მქონდა, საავადმყოფოში სასწრაფომ მიგვიყვანა, კუჭი ამოურეცხეს და გამოგვიშვეს, იქ დაწვენაზე უარი გვითხრეს. 9 წლის გოგონაც უკვე ერთი კვირაა ავად არის, თვალები აქვს შეშუპებული და მუცლის ტკივილები აწუხებს. 7 წლის ბიჭსაც მაღალი სიცხეები აქვს. მეც სიცხე მაქვს და ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ვერცერთი ვერ მივდივართ ექიმთან უფულობის გამო. საავადმყოფოში მოთავსებაზე უარი გვითხრეს, ფულს თუ ვერ გადაიხდით, ვერ მიგიღებთო", - განუცხადა მეგი ბერიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
„ამ ქალბატონს დახმარებისათვის არც გამგეობისთვის და არც გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს, მაგრამ თუ ჩვენთან წარმოადგენს ფორმა 100-ს და ანგარიშფაქტურას, დღესვე მოვაგვარებ ამ პრობლემას. მითუმეტეს, როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება და არამარტო ერთი ბავშვის. ჩვენ გვაქვს რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამ ოჯახს დავეხმარებით", - განუცხადა გიორგი სიბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.