სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვაშალომიძემ დაბა ჩაქვში იაპონური მანდარინის ნერგების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მათ, სიმბოლურად, თითო ნერგი თავად დარგეს.
იაპონური მანდარინის 8 000 ნერგი დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე 8 ჰა ფართობზე დაირგო. სულ შეირჩა 9 იაპონური ჯიში: უენო ვასე, ოკიცუ ვასე, მიაგავა ვასეს კლონი, ნიჩინან ნიჩი გოუ, ტაგუჩი ვასე, ჰარაგუჩი ვასე, მუკაიმა, კავადა და აოშიმა 4. ციტრუსი სრული დატვირთვის მსხმოიარობაში მეოთხე-მეხუთე წელს შედის, ხოლო პირველ ნაყოფს მესამე წელს იძლევა. საწარმოო სიმძლავრე სრული დატვირთვით მსხმოიარობის პირობებში 1 ჰა-ზე 20-25 ტონა ნაყოფს შეადგენს. ჯამური მოსავლიანობა 8 ჰა ზომის - ნაკვეთზე 160-200 ტონა.
"დღეს დაირგო იაპონური ჯიშის მანდარინის ნერგები, რომელიც გამოიცდება და იმედია გაამართლებს. ახალი ჯიშები საშუალებას მისცემს ქართველ გლეხებს გაზარდონ მოსავლიანობა, მიიღონ მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა გოროზიამ.
უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში მსოფლიოში გამოიყვანეს მანდარინის ახალი პერსპექტიული ჯიშები და კლონები, რომლებიც როგორც მოსავლიანობით, ასევე ნაყოფის ხარისხით მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში არსებულს. მანდარინის ჯიშების ინტროდუქციის წყაროდ შერჩეული იქნა საქართველოს სუბტროპიკული ზონის, ეკოლოგიური პირობების მსგავსი ქვეყანა - იაპონია, სადაც უნშიუს ტიპის მანდარინის წარმოება წამყვანი მიმართულებაა და საიდანაც წლების წინ საქართველოში შემოტანილი იქნა მანდარინის კულტურა.
მანდარინი საქართველოს აგრობიზნესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს, რომლის პოტენციალის გაზრდის მიზნით აუცილებელი გახდა ციტრუსის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ადგილობრივი ასორტიმენტის გაუმჯობესება. ქვეყანაში მანდარინის წარმოების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადრეული სიმწიფის, ყინვაგამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ნაყოფი, ეს კი - მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ციტრუსის ექსპორტს.