სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, კახეთის გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილთან ერთად ლაგოდეხის რაიონში , სოფელ აფენის მოსახლეობას შეხვდება და მიწის საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო დამუშავების პროცესს დაესწრება. ასევე, მინისტრი სოფელ ჩალაუბანში მექანიზაციის ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნობა.
ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც დღესდღეობით არის 126 ერთეული ტრაქტორი გუთნებით, საქართველოს მასშტაბით მექანიზაციის 12 სერვის ცენტრში გადანაწილდება, ხოლო აპრილის ბოლომდე ბელორუსის წარმოების კიდევ 154 ერთეული სხვადასხვა სიმძლავრისა და დანიშნულების ტრაქტორი შემოვა. აღნიშნული ტექნიკის შეძენა იაპონიის საგრანტო დახმარების ,,2KR"-ის პროგრამის ფარგლებში დეპონირებული თანხით განხორციელდა.
წლის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ასეული ევროპული წარმოების თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მოხდა მექანიზატორების გადამზადება, რათა სრულფასოვნად ყოფილიყო გამოყენებული და ათვისებული ახალი ტექნიკის შესაძლებლობები.
ახალი, თანამედროვე ტექნიკის შემოყვანა და დანერგვა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი მიწის დამუშავებას, ადგილობრივი პროდუქციის და შემოსავლების ზრდას.
ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე მარნეულში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე სოფელ მუხრაანში, მცხეთა მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელთან ერთად და ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე გორში, შიდა ქართლის გუბერნატორ გიორგი ტატიშვილთან ერთად, მიწის საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო დამუშავების პროცესს დაესწრებიან.