ექსპერტები ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის საკითხს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, თავად ხელისუფლების ინტერესებშია არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება.
"არჩევნების ღიად და გამჭვირვალედ ჩატარება დიდწილად განაპირობებს ჩვენს ურთიერთობას "ნატოსთან", ევროკავშირთან. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეფასდება ეს არჩევნები. ამიტომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, პროცესი რაც შეიძლება გამჭვირვალედ ჩატარდეს, უფრო მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მოიხსნას ყველა ის ეჭვი, რომელიც, სამწუხაროდ, ვრცელდება საერთაშორისო მედიაში", - განაცხადა ექსპერტმა ვასილ ჭყოიძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირსა და გაეროში დააგზავნა წერილები საქართველოში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოთხოვნის მიზნით.