"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საწვავის ბიზნესში არსებულ უკანონო გარიგებებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ექსპერტებთან ერთად გამართა.
მისი თქმით, საწვავის ბიზნესში კარტელური შეთანხმებას არსებობს და მას სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას.
ბაღათურიას მტკიცებით, პრეზიდენტს თავისი პირადი ბიზნესებიც აქვს, კერძოდ, ოქროს ბიზნესი, სხვა წიაღისეული საბადოების ბიზნესი და საწვავის იმპორტისა და დისტრიბუციის ბიზნესი.
"ქვეყანაში ყველა დარგში შექმნილია მონოპოლიები. მათ პრეზიდენტის მიერ ხელდასმული კლანის მეთაური ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენი სამიზნე ახლა კეზერაშვილი არ გამხდარა. თუ პრეზიდენტი იქნება მხილებული, შემდეგ სხვების მხილებაც შესაძებელი იქნება", - აღნიშნა დეპუტატმა.
"სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისთვის" ხელმძღვანელმა ბექა კემულარიამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საბითუმო ბაზარზე მონოპოლია დასტურდება იმით, რომ ბაზრის 80 პროცენტს "სოკარი" ფლობს, რომელიც "რეგულარის", ასევე დიზელის ფასებს აწესებს. მისი თქმით, დანარჩენ 20 პროცენტს "ვისოლი", "ლუკოილი" და "გალფი" ინაწილებენ.
მან ასევე ისაუბრა სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მის შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სადაც მისი მტკიცებით საუბრის ნაწილი ეხებოდა საწვავის ბიზნესის ხელში ჩაგდებას.
ბაღათურიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა თვეში 60 000 000 ლიტრ საწვავს მოიხმარს, წელიწადში კი 720 000 000 ლიტრს. "შესაბამისად, უკანონოდ მითვისებული თანხა თვეში 24 000 000, ხოლო წელიწადში 288 000 000 ლარია.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საწვავი სომხეთში საქართელოს გავლით შედის და მიუხედავად ამისა, სარეალიზაციო ფასი 1 ლიტრზე საქართველოსთან შედარებით 20-25 თეთრით იაფია.