ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
"დღევანდელი მდგომარეობით იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტილი არ არის. დღეისათვის არსებობს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა, რომლის დასკვნაშიც ეს ორგანო მიიჩნევს, რომ ბატონ ივანიშვილს არ უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.
"ეს არის სამსახურეობრივი დასკვნა, რეკომენდაცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს მას შეეძლება გაიზიაროს ერთ ერთი სამსახურეობრივი ორგანოს რეკომენდაცია ან არ გაიზიაროს", - განაცხადა კბილაშვილმა.