პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის განცხადებით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს ჰგავს.
როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ივანიშვილი ამ საკითხს თავის დროზე გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულებელყო.
"ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია. ყველას მოეხსენება, რომ ივანიშვილს თავის დროზე მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა. როგორც მინიმუმ, ივანიშვილი ამ საკითხს გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულებელყო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს. ის ფორმები, რომლითაც ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, არ არის სწორი გზა, რომლითაც უნდა ეცადო ამ უფლების დაბრუნებას. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენის გზა გამართლებული არ არის. ივანიშვილს ნატურალიზაცია კი არ სჭირდებოდა, არამედ მას საქართველოს მოქალაქეობა ისედაც ჰქონდა. ის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის, რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის თვალში სხვა ამავე პრობლემის მქონე ადამიანებისგან არ გამოარჩევს", - აღნიშნა თარგამაძემ.M
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნა დღეს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ნატურალიზაციის გზით "ქართული ოცნების" ლიდერს საქართველოს მოქალაქეობა არ მიენიჭა. სამინისტროს დასკვნის მიხედვით, ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.