პარლამენტში დღეს საწვავის ფასების მატების მიზეზები მიმოიხილეს. როგორც ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ბაზარზე მხოლოდ ხუთი კომპანია მონაწილეობს და მათ დავით კეზერაშვილი აკონტროლებს.
მისი თქმით, "ვარდების რევოლუციამდე" ამ ბიზნესში 100-მდე კომპანია იყო ჩართული, რაც კონკურენციას უწყობდა ხელს.
იზორიას ინფორმაციით, მოქმედ ნავთობკომპანიებს შორის არსებობს კარტერული შეთანხმებები, რისი მაგალითიაცაა რეგულარის ტიპის ბენზინზე არსებული ფასები. კერძოდ, მისი თქმით, 13 თებერვალს, 26 თებერვალს და 18 მარტს რეგულარის ტიპის ბენზინზე ერთდროულად მოიმატა ფასმა და ყველა კომპანიამ ერთდროულად გააძვირა ის 5 თეთრით.
იზორიას განცხადებით, თავისუფალი ბაზრის პირობებში წარმოუდგენელია, რომ ერთი და იგივე ფასით და ერთი და იგივე დღეს გაძვირდეს ნავთობპროდუქტი. მისივე თქმით, დღეს საქართველოში კონტროლირდება არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების ფასები, არამედ შემოტანის ლიმიტები და მარაგიც.
იზორიას განმარტებით, საქართველოში საწვავის ფასები მაშინაც კი იმატებს, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე მისი კლების ტენდენციაა. მას მიაჩნია, რომ მიაჩნია საქართველოში ბენზინის სიძვირე მის ტრანსპორტირების ხარჯებსაც არ უკავშირდება, რადგან ,,წარმოუდგენელია თანაბრად დაჯდეს თუნდაც "სოკარის" მიერ ტრანსპორტირებული ბენზინი და ევროპიდან შემოტანილი ბენზინი,,
ლევან იზორიას მტკიცებით, სხვა იმპორტიორებს ბენზინის უფრო დაბალ ფასად შემოტანის საშუალებაც არ ეძლევათ რადგან ბაზარი მონოპოლიზებულია, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" ინიციატივით დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწარიან, ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებზე და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრეს.