სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ია ჯანაშიამ ბრიტანელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. დელეგაციას ღვინის ინგლისელი მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ხელმძღვანელობს, რომელიც ნატურალური ღვინის პრესტიჟული ფესტივალის „როუს" (RAW) ორგანიზებას უწევს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის მაისში აღნიშნულ ფესტივალში ქართული ნატურალური ქვევრის ღვინოებიც მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე ქართული სოფლის მეურნეობის ისეთი ტრადიციული პროდუქტები, როგორებიცაა თაფლი, ჩირი და ყველი.
ია ჯანაშიას განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ქართული ღვინის და სოფლის მეურნეობის ტრადიციული პროდუქტების საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის.
„აღნიშნულ ფესტივალზე ქართული ქვევრის ღვინის წარმოდგენა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ტრადიციული სასმელის პოპულარიზაციისთვის", აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვიზიტის ფარგლებში ინგლისელი სტუმრები დაათვალიერებენ თბილისს, მოინახულებენ მცხეთას, სიღნაღს და დააგემოვნებენ ქართულ ტრადიციულ ღვინოებსა და კერძებს. ვიზიტის შესახებ ბრიტანელი ჟურნალისტები სტატიებს დაწერენ ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა „გარდიანი" (Guardian), „ფაინანშალ თაიმსი" (Financial Times) და „ჰარპერსი" (Harepers). ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას ბრიტანეთში და ხელს შეუწყობს ამ ქვეყანაში ქართული ეროვნული პროდუქციის ექსპორტს.