იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის შესაბამისი თანხები, წლის ბოლომდე იქნება გადახდილი. ამის შესახებ მან პარლამენტში დღეს გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა.
ბურჯალიანის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს ზომებს და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისთვის შესაბამისი თანხები, წლის ბოლომდე იქნება გადახდილი.
"სამწუხაროა, რომ რამდნიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა მათი მემკვიდრეები სრულად მიიღებენ იმ თანხებს, რაც მათ ეკუთვნით", - დასძინა ბურჯალიანმა.
ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" იუსტიციის მინისტრს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით, შემდეგ კითხვით მიმართა: "კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან. ამისი ნათელი დადასტურებაა ვეტერან-ფრინავ ავიატორთა სასარგებლოდ გამოტანილი საბოლოო სასამართლო აქტები მათთვის კუთვნილი შემწეობების გაცემასთან დაკავშირებით. ხუთი წელია მოქალაქეთა ეს ჯგუფი იუსტიციის მინისტრისგან პასუხს ამაოდ ელის. ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილია თერთმეტი ვეტერანი მფრინავი, პასუხი კი, მიუხედავად დაპირებებისა, არ ისმის. გთხოვთ გაგვცეთ პასუხი, რა ვადებში და რა სამართლებრივი ფორმით იქნება აღმოფხვრილი აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტები?"
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა სხდომა პასუხების გაცემადე პროტესტის ნიშნად იმ მიზეზით დატოვეს, რომ მინისტრების ნაცვლად პარლამენტში მათი მოადგილეები გამოცხადდნენ.