საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის საგარეო საქმეთა კანცლერ მიშელინ კალმი-რეის შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოსა და საქართველოს ურთიერთობებს.
აღსანიშნავია, რომ მიშელინ კალმი-რეი საქართველოში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში იმყოფება.
"საუბარი შეეხო რამდენიმე თემას, კერძოდ, როგორ უნდა გააგრძელოს ევროპის საბჭომ 2008 წლის ქართულ-რუსული ომის განხილვა; ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაცია; ადამიანის უფლებების დაცვა. საუბარი იყო სასარგებლო, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი თებერვალში ევროპის საბჭოში წარადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფოს ახალ კონცეფციას. ამ სტრატეგიას დიდი როლის შესრულება შეუძლია. იმედი მაქვს, ამაში ევროპის საბჭო და მისი თავმჯდომარეობა საქართველოს დაეხმარება", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მიშელინ კალმი-რეი თბილისში დღეს ჩამოვიდა. შვედი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თემურ იაკობაშვილთან, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან. მიშელინ კალმი-რეი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდება.