"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის": სააკაშვილი ჩვენს ქვეყანას მორიგ სკანდალში ითრევს.
მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, 17 იანვარს უკრაინაში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოდან 2 ათასზე მეტი დამკვირვებელი გაიგზავნება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე აშშ-ს მიერ წარდგენილი დამკვირვებლების რაოდენობა.
როგორც მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის წევრები აღნიშნავენ, უკრაინულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე კარგა ხანია იმყოფება უკრაინაში და ჰყავს მობილიზებული ჯგუფი, რომლის მეშვეობით აპირებს არჩევნებში ჩარევას.
"15 იანვარს ასევე გავრცელდა სააკაშვილისა და ტიმოშენკოს სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. საუბრის დროს სააკაშვილი ამბობს, რომ ,,გივი ადგილზეა და საჭიროა მასთან დაკავშირება'', აგრეთვე ეუბნება ტიმოშენკოს, რომ უკრაინაში ,,ყველაზე შემოწმებულ და ბრძოლისუნარიან ხალხს ვაგზავნით''. უკრაინის ცესკო-ს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის არავის არ აქვს არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება; 1466 კანდიდატის ანკეტაში აღნიშნულია, რომ დროებით უმუშევრები არიან, ხოლო დიდმა ნაწილმა საერთოდ არ შეავსო პროფესიის აღმწერი გრაფა. Aამ ფონზე საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ საქართველოდან წარდგენილი დამკვირვებლების დიდი ნაწილი პოლიციელია ან სპეცრაზმელი", _ აცხადებენ "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსტვის" წარმომადგენლები.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსათვის" აცხადებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მოქმედებამ შეიძლება მხოლოდ გააღიზიანოს უკრაინის საზოგადოება და დიდ ზიანი მიაყენოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.
"ქართველი ხალხისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინელ ხალხთან მეგობრობის შემდგომი განმტკიცება, მჭიდრო ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს და ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ უკრაინის ხელისუფლებასთან ორი მეგობარი ხალხის საკეთილდღეოდ, _ ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.